logo
ENG



"არ შევდივართ პარლამენტში, ვიდრე ხალხი არ დაიბრუნებს არჩევნებს" - საპროტესტო აქცია იწყება

14 ნოე 202014:53
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია იწყება. მოთხოვნები უცვლელია - საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

"გზავნილი არის იგივე - ჩვენ არ ვაპირებთ, შევეგუოთ იმ რეალობას, რომელიც დაწერა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელიც დაუწერა ბიძინა ივანიშვილს. 

ეს რეალობა შეიცვლება მას შემდეგ, რაც დაინიშნება ხელახალი არჩევნები და ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის წართმეულ ხმებს. 

ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, ვიდრე ქართველი ხალხი არ დაიბრუნებს წართმეულ არჩევნებს. ასე რომ ხელისუფლებას ახლა აქვს მარტივი არჩევანი - საქართველოს ამომრჩეველმა უნდა გამოხატოს თავისი ნება და ეს არის ხელახალი არჩევნები. რამდენიც არ უნდა ივაჭროს ხელისუფლებამ - 3 მანდატს მოგცემ და 5 მანდატს - ჩვენ ამისთვის არ ვდგავართ ქუჩაში, ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის". - თქვა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა პარტიის მსვლელობაზე, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე გაიმართა.  

აქციამდე აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრის II რაუნდი გაიმართა. ოპოზიციას იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლებას მათთან კონკრეტული შეთავაზებები ექნებოდა, თუმცა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიციური პარტიების წევრებმა თალაკვაძის წინადადებას აღმაშფოთებელი უწოდეს, თუმცა, დეტალებზე არ ულაპარაკიათ. 


close დახურვა